მინსკში ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა 2018“ გაიხსნა

ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის რიგით მეოთხე ფესტივალი „თბილისობა 2018“ გაიხსნა. ფესტივალი თბილისის მერმა კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი შორეცმა გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა ბელარუს ხალხს ფესტივალის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ის ურთიერთობები, რაც ჩვენს ქვეყნებს და ქალაქებს შორის არსებობს, არის საფუძველი იმის, რომ მინსკი და თბილისი დაძმობილებული ქალაქები არიან. თუმცა, ვფიქრობ ამ ურთიერთობების გაღრმავება კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია. ასევე, მინდა ქართულ დიასპორას მივესალმო და წარმატებები ვუსურვო ყველაფერში. თქვენი როლი ჩვენი ქვეყნის წარმოჩინებაში არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კახა კალაძემ „თბილისობა 2018“ გახსნის ღონისძიებაზე.

თბილისობის ფარგლებში, მინსკში სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი: გაიმართება ქართული ფილმების ჩვენება, ქართული მუსიკის კონცერტები, მოეწყობა ექსპოზიციები,  ქართული ღვინისა და ქართული სამზარეულოს კუთხეები.

თბილისსა და მინსკს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა. ორმა ქალაქმა დაძმობილების გადაწყვეტილება მეგობრული და დინამიური პარტნიორული კავშირების გათვალისწინებით მიიღო.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა. მიხარია, რომ ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის ფესტივალი – „თბილისობა 2018“ იმართება, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია მოსული. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს ჩვენი კულტურა და ის ღირსშესანიშნაობები გავაცნოთ, რითაც ვამაყობთ. რაც შეეხება მინსკს, ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი. ამ ქალაქს ძალიან კარგად ვიცნობ და მიყვარს როგორც ეს ქვეყანა, ქალაქი, ხალხი. ასევე, ძალიან ვაფასებ იმ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებობს. გვაქვს ძალიან დიდი რესურსი, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გავაღრმავოთ და კიდევ უფრო მეგობრული გავხადოთ”, – აცხადებს კახა კალაძე.

„გვიხარია, რომ აქ ხართ და ასეთ კეთილ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. მინსკში თბილისობას აღვნიშნავთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მინსკელებს ქართული კულტურა, სამზარეულო და ტრადიციები ვაჩვენოთ. ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი იქნება შემდეგი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“, – განაცხადა მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი შორეცმა.

 

მსგავსი თემები