„ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია სტრატეგიულ ბაზრებზე შენარჩუნებულია” – ლევან დავითაშვილი

„COVID-19-ის პანდემიის პირობებშიც, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია სტრატეგიულ ბაზრებზე შენარჩუნებულია”, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

დავითაშვილის ინფორმაციით სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს, რათა საექსპორტო ბაზარზე ქართულმა ღვინომ პოზიციები დაიბრუნოს:

„სიტუაცია ძალიან რთული იყო მევენახეობა-მეღვინეობის ყველა ქვეყანაში. ჩვენ მოვახერხეთ ადაპტირება,  რაოდენობაში გაყიდვებისა და ბაზრებზე პოზიციების შენარჩუნება იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი პოზიციები და გამოვასწოროთ მდგომარეობა. ღვინის სექტორში ჩვენ გვაქვს შემოსავლების კლება და ვფიქრობ, ეს არავისთვის არის გასაკვირი. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს არის საყოველთაო მოცემულობა, რომელიც სამწუხაროდ, ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში დადგა“ ,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი განცხადებით, ქართული  ღვინის საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე საექსპორტო პოტენციალის გასაძლიერებლად,  მარკეტინგული აქტიობები დისტანციურ ფორმატებში, ონლაინ-დეგუსტაციებისა და ონლაინ-პლატფორმების გამოყენებით გაგრძელდა, გააქტიურდა  რეკლამები ღვინის ონლაინ-საცალო გაყიდვების რეიტინგულ ვებგვერდებსა და აპლიკაციებზე, ტელევიზიებსა და რადიოებში, შეიქმნა ქართული ღვინის საპრომოციო გვერდები სხვადასხვა სოციალური მედიაში.

შეიქმნა „მცირე მარნების დახმარების პროგრამა“, რომლის ფარგლებში, პანდემიის შედეგად დაზარალებული ათეულობით მცირე მარნის 1500-მდე ბოთლი ღვინის ტრანსპორტირება განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმპორტიორებთან.

მსგავსი თემები