მთავრობას შეზღუდვის დაწესებას კიდევ 6 თვით შეეძლება, კანონს ვადა გაუხანგრძლივდება

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონს მოქმედების ვადა კიდე  6 თვით გაუხანგრძლივდება. საუბარია კანონზე, რომლითაც მთავრობას შეუძლია შემზღუდველი ღონისძიებები დააწესოს. მოქმედ კანონს კი ვადა წლის ბოლოს ეწურება.

„ამ გამოწვევას, პრაქტიკულად, ვერც ერთმა ქვეყანამ ზიანის გარეშე ვერ გაართვა თავი. რომ არა საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობა, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ზიანი საქართველოშიც გაცილებით დიდი იქნებოდა. მიუხედავად ჩვენ მიერ წინასწარ პროგნოზირებადი მეორე ტალღის პიკური ეტაპისა, ბოლო დღეებში შეინიშნება პოზიტიური ტენდენცია, რაც უდავოდ მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა და საზოგადოების დამყოლობამ განაპირობა… ბოლო პერიოდის ეპიდტენდენცია ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოს ჩარევა და გარკვეული შეზღუდვების დაწესება დროული და რელევანტური იყო“ –  განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით, არსებული კანონის მოქმედების ვადა რამდენიმე დღეში იწურება და საჭიროა მისი გახანგრძლივება.

„ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალება, ხელისუფლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონმა მისცა, რომლის მოქმედების ვადა, როგორც გახსოვთ, იანვრამდე განისაზღვრა. ეს ვადა სულ რამდენიმე დღეში იწურება, რის შემდეგაც, პროცესის მართვა მის გარეშე გაძნელდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება. ეს ეხება კანონს, რომელიც მთავრობას აძლევს პანდემიის პირობებში კრიზისის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას. იმედი გვაქვს, რომ შემდგომში ამ კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება აღარ მოგვიწევს, რადგან 6 თვე არის ის გონივრული დრო, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  

მსგავსი თემები