„ლელოს“ დამფუძნებელ და ლიდერი მამუკა ხაზარაძე ელჩებთან დღეს გამართული შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს და ამბობს, რომ მათ ყველაფერი კარგად იციან. ელჩებთან შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.
“შეხვედრა ეხებოდა იმ შექმნილ სიტუაციას, რა მდგომარეობაშიც დღეს იმყოფება ჩვენი ქვეყანა, კონკრეტულად ორი მხარე. ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ „ლელოს“ პოზიცია არის მყარი, „ლელოს“ პოზიცია არ შეიცვლება, თუ რადიკალურად ახალი ხელშეკრულება და შეთანხმება არ მოხდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ასევე, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არანაირად არ ვეთანხმებით იმ კამპანიას, იმ მიმართვებს, რომლებიც ელჩების წინააღმდეგ არის დაწყებული სხვადასხვა მედიასივრცეში და ინტერნეტში. ეს აზიანებს არამარტო პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მსხვრევადია, ასევე აზიანებს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან“ – აცხადებს ხაზარაძე.
მისი შეფასებით, ელჩები არიან ინფორმირებული, ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი, თუ რა ხდება არამარტო მედიასივრცეში, არამედ ისინი ჩართული არიან ამ პროცესში.
„ჩვენი პოზიცია შემდეგია: ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა, სიების ჩახსნიდან, სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმამდე, არის ძალიან მოკლე და ძალიან ვიწრო. ეს არის მოლაპარაკების ბოლო შანსი. აქვე ვუთხარით, რომ თუ შეთანხმება არ მოხდა მხარეებს შორის, „ლელო“ გააგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს, რომელიც დაწყებული გვაქვს და არანაირი კომპრომისი აქ არ იქნება. ჩვენ გვიჭირავს საკმაოდ სერიოზული არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან და ხმების მიტაცებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.