მამა დავითის ეკლესიის გამო, გიგანტური წარწერა “თბილისის” იდეამ კრახი განიცადა

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ქართულ-ინგლისური წარწერა „თბილისის“ განთავსების იდეა, მერიასთან არსებულმა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ დაიწუნა და მიზანშეუწონილად მიიჩნია. იდეა დედაქალაქის მერიას მოქალაქემ – „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში მოაწოდა.

როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, იზიარებს საბჭოს გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ იდეის დაწუნების ერთ-ერთი ფაქტორი მთაწმინდეს ფერდობზე არსებული მამა დავითის ეკლესიაა.

მისივე თქმით, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭო პროფესიონალი ადამიანებისგან შედგება და მათი რეკომენდაციები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან ბევრი წინადადება შემოდის. აქედან ზოგი საინტერესოა, ზოგიერთის განხორციელება კი შეუძლებელია. რაც შეეხება წარწერას, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე, რომ ჩვენ გვექნებოდა ისტორიულ საბჭოსთან განხილვა, ფერდობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია მსგავსი წარწერის განთავსება. თუმცა ისტორიულმა საბჭომ ამ პროექტის განხორციელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. ეს გახლავთ პროფესიონალი ადამიანებისგან შემდგარი საბჭო და მათი რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის, რომ მამა დავითის ეკლესიაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. საბჭოს გადაწყვეტილებას ვეთანხმებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ახალი იდეა საზოგადოებას თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გააცნო და განაცხადა, რომ ადვილი შესაძლებელია იდეა თბილისის სავიზიტო ბარათი და ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი გამხდარიყო.

იდეის თანახმად, მთაწმინდის ფერდობზე უნდა განთავსებულიყო საათი გიგანტურ ბორბალზე წარწერით – “თბილისი”. იდეის ხორცშესხმით დ​აინტერესდა ორი დიდი კომპანია – „ფილიპსი“ და „იგუცინი“.

მსგავსი თემები