“მაქსიმალურად შევეცადეთ, ISFED-ისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა, რომ ISFED-ისთვის რეპუტაციული ზიანი აერიდებინა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციამ მათ ამ მიდგომას არასათანადო პასუხი გასცა.

კობახიძის თქმით, გუშინ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა კიდევ უფრო სკანდალური განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს ყველაფერი იცოდა.

“რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” გაავრცელა სკანდალური განცხადება და აღიარა უხეში ხარვეზი ხმის პარალელურ დათვალაში. გუშინ ამ განცხადებას დაემატა ორგანიზაციის ხელმძღვანელის კიდევ უფრო სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ ნოემბრის ბოლოს ყველაფერი იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ PVT-ზე დაყრდნობით რადიკალური ოპოზიცია მთელი ვითარების კრიზისში შეყვანას მთელი ამ დროის მანძილზე ყოველდღიურად ცდილობდა, სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი მომდევნო 2 კვირის განმავლობაში PVT-ს სიყალბეს საგულდაგულოდ მალავდა, რაც, დამეთანხმებით, უკიდურესად შემაშფოთებელია.

ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაშვებული ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის უმთავრესი საყრდენი, ჩვენ მაქსიმალურად რბილი განცხადებით გამოვეხმაურეთ სკანდალურ ინფორმაციას. თუმცა, “სამართლიანმა არჩევნებმა” ჩვენს თავაზიან მიდგომას დაუპირისპირა არასათანადო პასუხი, 

რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში მან შეიტანა ორი ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეშად მცდარი.

პირველი – განცხადებაში აღინიშნა, რომ, თითქოს, შესწორება არ ახდენს გავლენას მანდატების განაწილებაზე, მაშინ, როდესაც PVT-ის პირველადი მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 4-ით ნაკლები საპარლამენტო მანდატი ერგებოდა. მეორე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მცდარი ინფორმაცია უკავშირდება ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსს – კერძოდ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ კიდევ ერთხელ გაიმეორა პირველ განცხადებაში გავრცელებული შემდეგი მცდარი შეფასება: „გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა“,- ეს არის მათი ციტატა,”- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს შეფასება არის ისეთივე უხეშად მცდარი, როგორიც იყო PVT-ის პირველადი მონაცემები.

“ბიულეტენების მეტობა მთელი ქვეყნის მასშტაბით საბოლოოდ დაფიქსირდა 3847-დან მხოლოდ 19 უბანზე და ჭარბი ბიულეტენების ჯამური რაოდენობა იყო 2 მილიონამდე ბიულეტენიდან 25 ბიულეტენი.

გარდა ამისა, ჩვენ განვახორციელეთ “სამართლიანი არჩევნების” მიერ შეტანილი სარჩელებისა და გასაჩივრებული უბნების მონაცემების საფუძვლიანი ანალიზი და დავადგინეთ, რომ ბიულეტენების სიჭარბე ამ ორგანიზაციის მიერ დათვლილი საარჩევნო უბნების არათუ 8, 1%-შიც კი არ დაფიქსირებულა. PVT-ის დეტალური ანგარიშის თანახმადაც, ბიულეტენების მეტობა 1000-მდე დათვლილი უბნიდან მხოლოდ 8 უბანზე აღინიშნა, საიდანაც მეტ-ნაკლებად არსებითი დისბალანსი მხოლოდ 3 უბანზე დაფიქსირდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საარჩევნო უბნებთან მიმართებით, ცესკომ დააკმაყოფილა “სამართლიანი არჩევნების” ყველა სარჩელი, უზრუნველყო შედეგების გადათვლა და ხარვეზის გასწორება.

17 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე და მოგვიანებითაც, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მოეცა განმარტება ზემოაღნიშნულ 8%-იან მაჩვენებელთან დაკავშირებით, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მისი პასუხები ისეთივე სუსტი იყო, როგორც PVT-სთან დაკავშირებით,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი თემები