ბადრი ესებუას ძმისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

გუშინ მას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა – შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. “ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება – ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი”,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები