“ერთ-ორ პროექტს გააკეთებდნენ და ამით კმაყოფილდებოდნენ”- კახა კალაძე თავის წინამორბედებზე

თბილისის მერ კახა კალაძის შეფასებით, დედაქალაქის გზები მძიმე მდგომარეობაშია და ამის გამოსასწორებლად, მომავალი წლისთვის კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს.

​როგორც კახა კალაძემ, დღეს, ფალიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისას განაცხადა, წლების წინ, ერთ-ორ პროექტს განახორციელებდნენ და ქალაქის მერია ამით კმაყოფილდებოდა.

“სტატისტიკას თუ გადახედავთ, დედაქალაქში ამ მასშტაბის სამუშაოები ერთდროულად არასდროს ჩატარებულა. ვიცით, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ქალაქში მდგომარეობა რამდენად მძიმეა, შესაბამისად, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. მომავალ წელს კიდევ ბევრი პროექტი უნდა განვახორციელოთ, რათა მდგომარეობა გამოვასწოროთ. წლების წინ, ერთ-ორ პროექტს გააკეთებდნენ და ამით კმაყოფილდებოდნენ. ჩვენ ოთხი წლით ვართ მოსული, რაც საკმაოდ ცოტა დროა. ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტი მნიშვნელოვანი პროექტი უნდა განვახორციელოთ, რომელიც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – აცხადებს კახა კალაძე.

მსგავსი თემები