ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდთან დაკავშირებით ეუთო ინფორმაციას ავრცელებს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის მონაწილეებმა განიხილეს ჩორჩანა-წნელისში არსებული ვითარება, ბოლო დროს მომხდარი დაკავებები, დაკარგული ადამიანების საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის საარსებო საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა, – ამის შესახებ 10-11 დეკემბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის შესახებ გავრცელებულ პრეს კომუნიკეშია აღნიშნული, რომელიც ეუთო-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ინფორმაციის თანახმად, მონაწილეებმა ვერ შეძლეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვა რამდენიმე მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო.

„კოვიდ19-ის პანდემიის მიერ შექმნილი უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე, ეს იყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პირველი და ერთადერთი რაუნდი, რომელიც 2020 წელს ჩატარდა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის მონაწილეებმა განიხილეს ჩორჩანა-წნელისში არსებული ვითარება, ბოლო დროს მომხდარი დაკავებები, დაკარგული ადამიანების საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის საარსებო საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთი მხრივ ძალის გამოუყენებლობის დღის წესრიგის მთავარ საკითხს, ხოლო მეორე მხრივ, კოვიდ-19-ის გავლენას ადგილზე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. დადებითად აღინიშნა ამ გამოწვევების ერთობლივი მოგვარების მცდელობები. მონაწილეებმა ვერ შეძლეს დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა, ზოგიერთი მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობა შეფასდა, როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური.

„ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენა წელს გამართული ორი შეხვედრით დადებითად შეფასდა. თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რეგულარული შეხვედრების განახლების აუცილებლობას. თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მონაწილეებს გაზარდონ ძალისხმევა ნდობის ასამაღლებლად და უზრუნველყონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთაშორისო ჰუმანიტარულ და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ჟენევის დისკუსიების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა ჟენევაში 2021 წლის 23-24 მარტს ჩატარდება.

მსგავსი თემები