“რაც დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის ბაღში ხდება, არის ქართული პარლამენტარიზმის და ქართული დემოკრატიისთვის გადადგმული ნაბიჯი” – გიგი უგულავა

„ის, რაც დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის ბაღში ხდება არის სწორედ ქართული პარლამენტარიზმისა და ქართული დემოკრატიისთვის გადადგმული ნაბიჯი“, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ოპოზიციური პარტიების მიერ, პარლამენტში პარტიული სიების და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმებას.

უგულავას თქმით, სიმბოლურია, რომ ეს მემორანდუმი მოსწავლე ახალგაზრდობის ბაღში ფორმდება.

„ჩვენი ბოიკოტი მე-10 მოწვევის გაყალბებულ პარლამენტზე სწორედ პარლამენტარიზმის დაცვას და არჩევნების იდეის დაცვას ემსახურება, იმიტომ, რომ როდესაც არჩევნები გაყალბდება, თუ რამე აზიანებს დემოკრატიას, თუ რამე აზიანებს არჩევანის თავისუფლებას, ეს არის სწორედ გაყალბებული არჩევნები. ის, რაც დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის ბაღში ხდება არის სწორედ ქართული პარლამენტარიზმის და ქართული დემოკრატიისთვის გადადგმული ნაბიჯი. ეს ბოიკოტი შედგება. თქვენ ნახავთ, რომ „ქართული ოცნება“ მარტო შეიკრიბება და ტესტი ამ ბოიკოტის იქნება უკვე 17 დეკემბერს, როდესაც პარლამენტარები ინდივიდუალურად დაწერენ განცხადებას და რეალურად ქართული ოცნება“ დარჩება მართლა თავის თავთან მარტო იურიდიულადაც“,- განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, დიპლომატიური კორპუსი მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომას იმიტომ ესწრება, რომ ისინი პატივს სცემენ ინსტიტუტებს.

„კელი დეგნანი, ისევე როგორც ელჩები ან სხვა სტუმარი უნდა მივიდეს იმიტომ, რომ ისინი პატივს სცემენ ინსტიტუტებს, რომელსაც ივანიშვილი თავისი სიყალბით ანგრევს. ეს ნიშნავს ინსტიტუტების პატივისცემას. ინსტიტუტებს ჩვენც ვცემთ პატივს და ამიტომაც არ ვუშვებთ ერთ მისხალ სიყალბესაც კი, რასაც უხვად ჰქონდა ადგილი 31 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენ მადლობას ვეუბნებით ყველა ჩვენს მეგობარს. თუ ფასილიტატორების საშუალებით გაგრძელდება დიალოგი, ჩვენ ამ დიალოგს გავაგრძელებთ, მაგამ ბოიკოტი არის ოპოზიცის გადასაწყვეტი. ოპოზიციის გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა ამ სიყალბეში მონაწილეობას და ოპიზიციამ გადაწყვიტა, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ამ სიყალბეში“, – განაცხადა უგულავამ.

მსგავსი თემები