ირაკლი ბებუას მკაცრი სასჯელი სეპარატისული რეჟიმის ე.წ. კანონმდებლობის დარღვევით გამოუტანეს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია აპროტესტებს გალის დე ფაქტო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც აფხაზეთის მკვიდრს ირაკლი ბებუას ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა.

დეპუტატების განცხადებით, იყო თუ არა ირაკლი ბებუას პროტესტი სავსებით სამართლიანი და ბუნებრივი, ეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული პრობლემის შემადგენელი ნაწილია და  ამაზე მსჯელობა სხვა სივრცესა და გარემოში, კონფლიქტის  ირგვლივ არსებული ვითარების სრულყოფილი ანალიზის კონტექსტში უნდა გაიმართოს.

“ამჯერად კი მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამოვხატოთ უკიდურესი პროტესტი სეპარატისული რეჟიმის ე.წ. კანონმდებლობის დარღვევითაც კი გამოტანილი უმკაცრესი სასჯელის გამო. მათ გამოგონილი  სისხლის სამართლის კოდექსით ირაკლი ბებუას ბრალი დაუმძიმეს და მაშინ, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო კანონმდებლობით სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მას სამაგალითო ცხრა წელი მიუსაჯეს.   

მსგავსი უსამართლო გადაწყვეტილებებით, ძალის დემონსტრირებით, ოკუპანტი ქვეყნის მიერ ამგვარი ქმედებებისათვის წახალისებით, საოკუპაციო რეჟიმი  ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობის დატერორებას, დაშინებას. მათ სურთ, რომ ყოველგვარი პროტესტის გამოხატვის ნება ჩაუხშონ   ქართველებს და მათ მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას,  ქართულ ენაზე განათლების, ლაპარაკის, მშობლიურ მიწაზე საყოველთაოდ აღიარებული უფლებებით ცხოვრების აკრძალვას, მონური მორჩილებით შეეგუონ.

სავალალო ის არის, რომ ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფალნი გულმართალი ირაკლი ბებუას უბოროტო საქციელზე ასე სასტიკად რეაგირებენ, მაშინ როდესაც რეალურ ბოროტებას, რაც რუსეთის მიერ საერთო ეკონომიკური და სოციალური სივრცის შექმნის საბაბით, ღიად და საჯაროდ აფხაზეთის სრულ ანექსიას წარმოადგენს, მდუმარედ აწერენ ხელს” – აცხადებენ უმაღლესი საბჭოს წევრები.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას შეფასებით კი: „იმედს გამოვთქვამთ, რომ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების, უპირობო გათავისუფლების საკითხით დაინტერესდებიან და კონკრეტულ ზომებს ოპერატიულად მიიღებენ, ხოლო ჟენევის საერთაშორისო ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებაზე – მკაცრი განხილვის საგანი გახდება“.

მსგავსი თემები