შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან მთავრობის 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტურობა და მსოფლიოს ქვეყნებში Covid-19-ის მართვის პროცესში მიმდინარე ტენდენციები განიხილა.

საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა მთავრობის მეთაურს გაუზიარეს შეზღუდვებისა და ეპიდვითარების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული ვითარება, სადაც საქმიანობენ. სფეროს ექსპერტების შეფასებით, პირველადი მონაცემებით შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოში დაწესებულმა შეზღუდვებმა უკვე აჩვენა გარკვეული პოზიტიური დინამიკა ქვეყანაში მობილობის დაწევის თვალსაზრისით, რაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურ რეჟიმში მთავრობამ წამოიწყო ინტენსიური ტესტირების პროგრამა.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად და ფრთხილად, ეპიდვითარების ანალიზის შედეგად განხორციელდეს, ვინაიდან მობილობის სწრაფი ზრდა მაღალი რისკის შემცველია.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არსებული პროგნოზები მიმოიხილა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ ყოველკვირეულად გაკეთდება ეპიდსიტუაციის, ინტენსიური ტესტირების მიმდინარეობის და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობის შეფასება, რის მიხედვითაც დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისათვის ყოველდღიურად, დაახლოებით, 20 000 ტესტი კეთდება, ხოლო იმართება ინფიცირების 27 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა, მათ შორის, კლინიკურ სასტუმროებში, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები.

სფეროს ექსპერტების შეფასებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების მხრიდან დადგენილი წესების მკაცრ დაცვას, ხოლო სახელმწიფოსმხრიდან აღსრულების კონტროლს, მათ შორის, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში. იმუნოლოგ- ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 65 %-მდე გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა ატაროს პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რაც ქვეყანას ინფიცირების რაოდენობის შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას მეტ თავისუფლებას მისცემს.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტურად იმართოს კლინიკური სექტორი, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სისტემა და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სტაციონარული სერვისები პირველ რიგში სჭირდებათ. მათივე შეფასებით, ვითარების შემდგომი სტაბილიზაციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაწესებული შეზღუდვებითა და ინტენსიური ტესტირებით მიღწეული შედეგების.

მსგავსი თემები