გვარის შეცვლა იზღუდება – დღემდე პირს გვარის შეცვლა 25-ჯერ შეეძლო

საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციის,  ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საქართველოში გრძელვადიანი მოქმედებისთვის მყარი საკანონმდებლო გარანტიის შექმნის მიზნით, გვარის შეცვლის შესაძლებლობები იზღუდება და პროცედურები მკაცრდება. იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა 79 ხმით დაამტკიცა.

დღემდე არსებული ნორმებით, გვარის შეცვლა არ იზღუდებოდა და ერთ პირს ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა საფუძვლით გვარის შეცვლა 25-ჯერ და მეტჯერ შეეძლო.
“სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, გვარის შეცვლის ცალკეულ საფუძვლებზე დაყრდნობით, პირს უფლება ექნება გვარი მხოლოდ ერთხელ შეიცვალოს.

სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მოქალაქეს მოუწევს, ერთხელ გააკეთოს არჩევანი და მიიღოს: მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის (ბებიის/პაპის ბებია და პაპა) ჩათვლით, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის ჩათვლით) გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ან ისტორიული გვარი.

როგორც “მთავარს” იუსტიციის სამინისტროში განუმარტეს, ამ რეგულაციების ცხოვრებაში გატარებისას მხედველობაში არ იქნება მიღებული გვარის შეცვლის ის შემთხვევები, რომლებსაც 2017 წლის 28 მარტამდე ანუ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება იმ პირებს, რომელთაც 2017 წლის 28 მარტის შემდეგ შეიცვალეს გვარი, მათზე ზემოაღნიშნული შეზღუდვები ზოგადი წესის შესაბამისად გავრცელდება.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა არც იმ შემთხვევებზე გავრცელდება, როდესაც პირებს სურთ მეუღლის გვარის მიღება ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარის ტარება, რის შესახებაც გადაწყვეტილება მათ ქორწინების რეგისტრაციის მომენტში უნდა მიიღონ.

გარდა აღნიშნულისა, გვარის შეცვლის ჯერადობის შეზღუდვა არ იმოქმედებს იმ შემთხვევებზე, როდესაც განქორწინების მომენტში პირი გადაწყვეტს დაიტოვოს ქორწინებისას მიღებული მეუღლის გვარი ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. პირს ასევე შეეძლება, დაიბრუნოს საკუთარი ქორწინებამდელი გვარი, ასევე შვილად აყვანისას მიიღოს მშვილებლის გვარი, მამობის დადგენისას მიიღოს მამის გვარი, აგრეთვე მიიღოს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი.

მსგავსი თემები