“დღეს მოლაპარაკებებზე ჩემი პრინციპული პოზიცია იქნება, რომ გასაჯაროვდეს დეტალები” – დავით ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე, დეტალების გასაჯაროების მოთხოვნას დააყენებს.

დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ “ევროპული საქართველოსთვის” საარჩევნო კოდექსის ცვლილება პარლამენტში შესასვლელად საკმარისი პირობა ვერ იქნება, თუ ხელისუფლება ახალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე უარს იტყვის. 

“ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იძულებულები ვიყავით ანგარიში გაგვეწია მედიატორების პოზიციისთვის, რომ არ გახმაურებულიყო მოლაპარაკებების დეტალები. მაგრამ, ვფიქრობ, ამან მიიღო სრულიად არასწორი სახე და საზოგადოებაში გაჩნდა ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია. ჩემი პრინციპული პოზიცია დღეს მოლაპარაკებებზე იქნება, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი, ყველამ გაასაჯაროოს საკუთარი პოზიცია და საზოგადოებამ იცოდეს, რომელი პარტია რას ემხრობა.

მე შემიძლია მკაფიოდ გითხრათ “ევროპული საქართველოს” სახელით, იმ პირობებში, როცა გუშინდელი რაუნდის შემდეგაც კი “ქართული ოცნება” საუბრობდა, რომ ისინი არ მოდიან რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ვერანაირი ცვლილება საარჩევნო კოდექსში ჩვენგან ვერ იქნება განხილული, როგორც საკმარისი პირობა პოზიციის შესაცვლელად და პარლამენტში შესასვლელად,”-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი თემები