“ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო, ამ დეფიციტს ჩვენ ვერც 6 თვეში და ვერც 1 წელში ვერ დავძლევთ” – ეკატერინე ტიკარაძე

“რა თქმა უნდა, ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ქვეყანაში კორონავირუსით მედპერსონალის ინფიცირებას და გარდაცვალების შემთხვევებს გამოეხმაურა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ექიმების დეფიციტის დაძლევისთვის 1 წელი არასაკმარისია, ვინაიდან ექიმების გადამზადებას და მომზადებას 5-დან 12 წლამდე პერიოდი ესაჭიროება.

ამასთან, მინისტრმა აჭარაში გარდაცვლილ ექიმთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება.

„რა თქმა უნდა, ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო, როგორც აღნიშნეთ. ამ დეფიციტს ჩვენ ვერც 6 თვეში და ვერც 1 წელში ვერ დავძლევთ, ვინაიდან ექიმების გადამზადებას და მომზადებას ესაჭიროება მრავალი წელი, სულ მცირე 5-დან 12-მდე, ეს გასათვალისწინებელია. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ რიგებს ისეთი გმირი ექიმები აკლდება, როგორიც დღეს თქვენ დაასახელეთ, სამწუხაროდ, ეს შეიძლება არ იყოს ბოლო ფაქტი, თუმცა, ყველა ღონისძიებას მივმართავთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ყველანაირი ხელშეწყობა იმისთვის, რომ გატარდეს პრევენციული ღონისძიებები და მოხდეს ექიმების მინიმალური დაზიანება. ამ ეტაპზე დეფიციტი არ არის, ის მოცულობა, რომლის გამტარობაც ხდება დღესდღეობით კოვიდინფექციების ჩვენი ექიმები ამას სრულად ფარავენ “, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კორონავირუსზე ტესტირებისას რიგები სწორად იმართოს, მოქალაქეების მხრიდან დაცული იყოს დისტანცია.

„როგორც სხვა რიგებში, ისე ტესტირების პროცესში, მნიშვნელოვანია რიგები ადგილზე სწორად იმართოს, მთვარი პრევენციული ღონისძიებაა სოციალური დისტანციის დაცვა, ასევე პირბადის ტარება. იმისთვის, რომ რიგები მინიმუმამდე შევამციროთ, სწორედ ამ მიზნებისთვის ხდება იმ ქსელის გაფართოება, სადაც მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება ტესტირება გაიკეთონ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები