“პირველად ამ სეზონზე საქართველოში უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსიც” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, ცირკულაციაში უკვე გამოჩნდა ბ გრიპის ვირუსიც.

„ჩვენ ვაწარმოებთ ე.წ. ყოველკვირეულ მონიტორინგს და კვირაში ერთხელ ვაახლებთ გრიპის ვირუსის და რესპირაციული ვირუსების ცირკულაციას ქვეყანაში. პირველად გუშინდელ მონიტორინგში გამოჩნდა, რომ ბ ტიპის გრიპმა უკვე დაიწყო ცირკულაცია, ანუ პირველად ამ სეზონზე გამოჩნდა უკვე გრიპის ვირუსიც კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად.

მოგეხსენებათ, დეკემბერში ჩვენთან აქტიურდება გრიპიც, ჩვენ არ ვიცით, რამდენად აქტიური იქნება წელს გრიპი, თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო, ამაზე ბევრი ვერსია არსებობს, მათ შორის ისიც, რომ ადამიანები მივეჩვიეთ გარკვეულად პრევენციული ღონისძიებების დაცვას, ვთქვათ პირბადის ტარებას, უფრო მეტი ადამიანი აიცრა გრიპის საწინააღმდეგოდ, მეტი ადამიანი იცავს დისტანციას და სანიტარულ წესებს. შესაძლებელია, და ამის ალბათობა არის, რ ომ გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. კლინიკურად გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია და კორონავირუსის დაახლოებით ერთნაირია. გამოცდილ ექიმს შეუძლია კლინიკურად მისი დიფერენციაცია, საბოლოო დიფერენციალური დიაგნოზი ისმება ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები