„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“კანონპროექტის საჯარო განხილვა მცხეთაში გაიმართა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის მორიგი საჯარო განხილვა მცხეთაში გამართა. განხილვების მიზანია სპორტის სფეროში ჩართული და სპორტით დაინტერესებული საზოგადოებისგან შენიშვნებისა და მოსაზრებების მოსმენა, რომელიც შემდეგ კანონპროექტში აისახება.

​როგორც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800 მილიონ ლარამდე დახარჯა და ეს სიკეთე უნდა მიდიოდეს მოქალაქეებამდე. სპორტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა ოჯახისთვის.

პარლამენტის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრისას, საქართველოს მოქალაქეებისა და ხელისუფლების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ნარკომანიაზე და განაცხადა, რომ გამოსავალი ახალგაზრდების სპორტში ჩაბმით უნდა მოიძებნოს.

„ამ პრობლემას, მხოლოდ პოლიციური ზედამხედველობით და დასჯით, ვერც მხოლოდ სამედიცინო ჩარევით და პრევენციული ღონისძიებებით ვერ ვუშველით. ახალგაზრდები უნდა დაკავდნენ სპორტით. მათ უნდა იცოდნენ საკუთარი ჯანმრთელობის ფასი, უნდა იცოდნენ, რომ მათ ჯანმრთელობაზე გადის ქვეყნის წარმატება და ჯანსაღი საზოგადოების შექმნა. კანონმდებლები ვწერთ კანონს, მაგრამ მისი იმპლემენტაცია ზოგჯერ ჭირს, იმიტომ, რომ სადღაც სცდება რეალობას. ამიტომ ჩვენი მიდგომაა – სანამ პროექტი პარლამენტში გავა განსახილველად, თქვენთან მოხდეს შეთანხმება და საკითხის კიდევ უფრო დახვეწა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

​კანონპროექტი საზოგადოებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა ვასილ ლიპარტელიანმა გააცნო, რის შემდგომაც დისკუსია გაიმართა.

შეხვედრაში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შალვა კერესელიძე და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი კაპანაძე მონაწილეობდნენ.

​განხილვისას საზოგადოების მხრიდან გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები კანონპროექტში აისახება, რომელიც პარლამენტში განსახილველად მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე შემოვა. პროექტის საჯარო განხილვა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით გაიმართა.

მსგავსი თემები