მთაწმინდის ფერდობზე განთავსდება საათი გიგანტურ ბორბალზე წარწერით – “თბილისი”

  •  

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე შესაძლოა განთავსდეს საათი გიგანტურ ბორბალზე წარწერით – “თბილისი”. პროექტ “შენი იდეა თბილისი მერს” ფარგლებში წარმოდგენილმა იდეამ მოწონებათა განსაზღვრული რაოდენობა, რის შემდეგაც, „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს დაევალა ჩაეტარებინათ ბაზრის კვლევა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ამ პროექტის განხორციელება და დაახლოებით, რა თანხები იქნებოდა საჭირო ამისთვის.

თავად იდეის ავტორის აზრით, გიგანტური ბორბლის საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა და ტურისტული თვალსაზრისით შესაძლოა ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდეს.

როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, იდეის ხორცშესხმით დ​აინტერესდა ორი დიდი კომპანია – „ფილიპსი“ და „იგუცინი“.

მისივე თქმით, ასევე განიხილება მთაწმინდის ფერდობზე ქართულ-ინგლისური წარწერის – „თბილისი“ განთავსების იდეა, რომელზეც, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მერიასთან არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭო იმსჯელებს.

„ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის ყველაზე მიმზიდველ ფონზე  ეს წარწერა იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას, თუმცა ამ საკითხს ჩვენ განსახილველად გავიტანთ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე, რამდენადაც მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს და მინდა, რომ ვიკითხოთ, რამდენად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განმარტა დედაქალაქის მერმა.

ფოტო: რადიო “თავისუფლების” ფოტომონტაჟი

მსგავსი თემები