“კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას” – ინფექციონისტის განმარტება

„ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა და შეკითხვებია ტელევიზიით გაკეთებულ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ “კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას”   – ამის შესახებ, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, შეიძლება კლინიკურად პაციენტი უსიმპტომო იყოს და რადიოლოგიურად აღინიშნებოდეს კოვიდისთვის დამახასიათებელი პნევმონიის სურათი:

„ის რომ თუ ადამიანს სიმპტომები არა აქვს და PCR ტესტით დადებითია, ის არის უბრალოდ ინფიცირებული და მას არა აქვს დაავადება კოვიდი. სინამდვილეში ასეთი განსაზღვრება არ არსებობს. ყველა ადამიანი, ვისაც ლაბორატორიულად დაუდასტურდება კორონავირუსით ინფექცია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გამოხატული სიმპტომები, კვალიფიცირდება, როგორც კოვიდის დიაგნოზის მქონე.

ანუ ასეთი გარჩევა, რომ უსიმპტომო არის მხოლოდ ინფიცირებული და სიმპტომიანს აქვს დაავადება კოვიდი, არ არსებობს. მეტიც, შეიძლება კლინიკურად პაციენტი უსიმპტომო იყოს და თუ რადიოლოგიურად აღინიშნებოდეს კოვიდისთვის დამახასიათებელი პნევმონიის სურათი. უსიმპტომო მიმდინარეობა არის სწორედ რომ კოვიდის ერთ-ერთი ფორმა. შეგახსენებთ, რომ კოვიდის მიმდინარეობა შეიძლება იყოს უსიმპტომო, მსუბუქი, საშალო სიმძიმის, მძიმე და კრიტიკული, აქ ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც გადაიტანენ კოვიდს და შემდეგ დიდხანს PCR ტესტი რჩებათ დადებითი. ასეთ დროს, როგორც ვიცით, ტესტი უბრალოდ იჭერს ვირუსის ფრაგმენტებს და ასეთი ადამიანი აღარ არის დაავადებული და არც გადამდები.

თითქოს ამ განმარტებებს დიდი მნიშვნელობა ადამიანებისთვის არ უნდა ქონდეს, მაგრამ ზემოხსენებულმა განცხადებამ რატომღაც ძალიან ბევრი კითხვები და პოლემიკა გამოიწვია. ამიტომ გამოვეხმაურე,“ – აღნიშნავს ბუწაშვილი.

მსგავსი თემები