“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება

ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სავარაუდოდ დღეს შედგება. მანამდე კი ოპოზიცია ხელისუფლებისთვის წარსადგენ შეთავაზებებმზე მსჯელობდა.

შეთანხმება საიდუმლო იყო, თუმცა ოპოზიციის ოთხპუნქტიანი გეგმა მედიაში მაინც გავრცელდა – ხელახალი არჩევნები, ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტმატიმრების გათავისუფლება.

ოპოზიცია გავრცელებულ დოკუმენტზე საუბრისგან თავს იკავებს. ისინი მორიგ შეხვედრაზე საკითხს დააყენებენ, რომ მათი მოთხოვნები გასაჯაროვდეს, რათა ამაზე სიღმისეული ლაპარაკის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

“თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება ოპოზიცურ პარტიებსა და “ქართულ ოცნებას” შორის, ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდება,” – განაცხადა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლებისთვის შეთავაზებული 4-პუნქტიანი გეგმა ასეთია:

1. უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები გიორგი რურუა, ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, ხოლო მათი საქმეები უნდა დაიხუროს

2. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა 2021 წელს ან პრემიერ-მინისტრის მიერ პლებისციტის დანიშვნა 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ

3. ყველა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერით (ან 1%-იანი საარჩევნო ბარიერით), საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით

თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპოციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით

4. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა გადადგეს და შეიცვალოს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებით, რომელიც დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ.

საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად უნდა დაინიშნონ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებები.

საარჩევნო კომისიები უნდა დაკომპლექტდეს 2020 წლის არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლებით (თავმჯდომარეები იქნებიან გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე). როგორც ალტერნატივა, შეიძლება განხილული იქნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სახალხო დამცველის მიერ 5 წევრის ნომინირება.

ცესკო გადაწყვეტილებას იღებს კვალიფიციური უმრავლესობით, რაც გულისხმობს მინიმუმ 8 წევრის უმრავლესობას.

მსგავსი თემები