„ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ“, – მეუფეს ქადაგება

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლის თქმით, ამ ეტაპისთვის, ღვთისმსახურების წესში გარკვეული ცვლილებების შეტანა არ იგეგმება. მეუფეს შეფასებით, ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო. თუმცა, ლოცვას ვერავინ აკრძალავს.

,,შემოდგომაც გავიდა, ზამთარი დადგა და ხედავთ, რომ ადამიანები იღუპებიან. ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელზეც შეიძლება ადამინმა არასერიოზულად ისაუბროს და რაღაც ზღაპრები მოყვეს. ნუ, ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ გაივლის ეს განსაცდელი, გაივლის აუცილებლად, ამაზე უამრავი ადამიანი ფიქრობს, მუშაობენ სპეციალისტები და მჯერა, როგორც დღემდე ბევრი რამ დაძლეულა, დაიძლევა ესეც“ – განაცხადა მეუფე გრიგოლმა საკვირაო ქადაგების შემდეგ.

მისივე შეფასებით, ღვთისმსახურების წესის ცვლილება არ იგეგმება.

,,თუ დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა, რა თქმა უნდა ამაზე ვიმსჯელებთ, თუმცა ჩვენ მაინც სპეციალისტებს ვუსმენთ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს. ღვთისმსახურების დროსაც კი სასულიერო პირები პირბადეებით, თუ ნიღბებით დგანან, ასევე მრევლი. ამ ეტაპზე მეტი რა უნდა გავაკეთოთ, მე ვერ გეტყვით. ზოგი სასულიერო პირი იზოლაციაშია სიფრთხილის გამო, ზოგი დაავადებულია, ინფიცირებულია და ზოგიერთ ადგილებში ღვთისმსახურების ჩატარების პრობლემაა, რადგან სასულიერო პირი ინფიცირებულია. ადამინს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი თემები