პოლიციამ კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე – ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც ისინი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

უწყების ცნობით, 1966 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1960 წელს დაბადებული ბ.ჩ. კორონავირუსით ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან.

“ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით – ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, ინფიცირებულ ბ.ჭ.-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა.

ორივე კოვიდინფიცირებული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000– 2000 ლარით დაჯარიმდა, რის შემდეგაც ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები