“მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, მოხდა თუ არა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა.

მისი თქმით, მიმდინარეობს რამდენიმე ადამიანის გამოკვლევა, რომლებსაც სიმპტომები პირველად გაზაფხულზე, მეორედ კი ნოემბერში გამოუვლინდათ. 

“ჯერ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ნამდვილად გვქონდა რეინფიცირება. გვაქვს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებითი PCR ტექნოლოგიებით კვლევა და ამავე დროს ე.წ. გენომის სეკვენირება, რაც დროს და შესაბამის მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რისი საშუალებაც აქვს მხოლოდ ლუგარის ცენტრს. ამიტომ, იმისათვის, რომ დავადასტუროთ, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე და შემდეგ გადაწყვეტილება ყველა იმ ლაბორატორიული თუ სხვა კლინიკური არგუმენტის მიხედვით, რომელიც არის.

საუბარია ორ-სამ შემთხვევაზე. ეს იყო გაზაფხულის შემთხვევები და ახლა ნოემბერში განმეორებითი, თუმცა ვიკვლევთ პირველად ნამდვილად იყო თუ არა, ხომ არ მოხდა სადმე შეცდომა და ა.შ.”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები