“ტესტირების გაორმაგება და ნაწილობრივი ლოკდაუნი სამ კვირაში ან ერთ თვეში აუცილებლად მოიტანს პოზიტიურ შედეგს” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ნაწილობრივი ლოკდაუნი და ტესტირების გაფართოება დაახლოებით სამი კვირიდან ერთი თვის მონაკვეთში პოზიტიურ შედეგს მოიტანს.

მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე მოქალაქეების მხრიდან რეგულაციების შესრულების მნიშვნელობა ორმაგდება.

„რეკომენდაცია არის ის, რომ უფრო უნდა გავამკაცროთ და, საბედნიეროდ, მე ვამჩნევ, რომ საზოგადოების პასუხისმგებლობის დონე ბოლო პეიოდში ამაღლდა. მართალია, ყველა არ იწონებს ამ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას, მაგრამ მაინც ჩათვალეს, რომ ახლა არ არის თვით დამშვიდების დრო და უნდა გამოვიდეთ იმ ეიფორიისგან, რაც გვქონდა გაზაფხულ-ზაფხულზე.

ამ გაზრდილი დინამიკის ფონზე ორმაგდება რეგულაციების შესრულების მნიშვნელობა, როგორიცაა: პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, ხელების, სამუშაო ადგილის ჰიგიენა. უნდა შევეცადოთ, რომ შემცირდეს ეს აღმავალი დინამიკა და ამისთვის ფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები, ანუ ნაწილობრივი ლოკდაუნი და ამისთვის ფართოვდება ტესტირება, ხდება ტესტირების გაორმაგება.

ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ – ტესტირების გაორმაგება და ნაწილობრივი ლოკდაუნი. ეს ერთ, ორ დღეში ვერა, მაგრამ დაახლოებით სამ კვირაში, ერთ თვეში აუცილებლად გამოიღებს თავის პოზიტიურ შედეგს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები