გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი პროკურატურაში მოწმის სახითაა დაბარებული, რომელიც დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისცემს ჩვენებას. ბეჟუაშვილი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილთან ერთად მივიდა.

როგორც ბეჟუაშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, კომენტარს გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

მსგავსი თემები