„ლუგარის ლაბორატორია მზად იქნება, მიიღოს უცხოელი ექსპერტები, მათ შორის რუსი ექსპერტები“ – ზურაბ აბაშიძე

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან შეხვედრის ერთ-ერთი სასაუბრო თემა ლუგარის ლაბორატორიასაც შეეხო.

„რუსეთის მხარის დაინტერესებით, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ჩვენ გავიმეორეთ ის, რაც ადრეც გვითქვამს, რომ ის მუშაობს აბსოლუტურად ტრანსფარენტულ რეჟიმში, მისი კარი ყოველთვის ღია იყო უცხოელი ექსპერტებისთვის. იქ ადრე რუსი ექსპერტებიც არიან ნამყოფი. ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს არის ერთ-ერთი წამყვანი უწყება საქართველოში, მისი ავტორიტეტი ძალიან დიდია, ამიტომ სრულიად მიუღებელია ის პროპაგანდისტული აჟიოტაჟი, რაც მის წინააღმდეგ არის ატეხილი რუსეთში და ეს აზიანებს საქართველოს იმიჯს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად – რუსეთის იმიჯს. ასე, რომ მომავალში, როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარება დაწყნარდება, ლუგარის ლაბორატორია მზად იქნება, მიიღოს უცხოელი ექსპერტები, მათ შორის რუსი ექსპერტები, მაგრამ სხვა ქვეყნების ექსპერტებთან ერთად, ასეთ ჯგუფში“ – განაცხადა აბაშიძემ.

პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ონლაინ-ფორმატის შეხვედრას, ისევე, როგორც წინა სხვა შეხვედრებს, ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები.

მსგავსი თემები