საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხვალინდელი დღის 21:00 საათიდან, შედის გადაადგილების შეზღუდვა, როგორც პირადი ავტომობილებით, ტრანსპორტით, ასევე ქვეითად

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხვალინდელი დღის 21:00 საათიდან, შედის გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს გადაადგილების შეზღუდვას, როგორც პირადი ავტომობილებით, ტრანსპორტით, ასევე ქვეითად. გარდა ამისა, შეწყდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ეს შეზღუდვაც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რომელიც ხვალიდან, პირველი ეტაპის ფარგლებში დაწესდება.

“ასევე ფუნქციონირებას შეწყვეტენ რესტორნები და კვების ობიექტები. ისინი შეწყვეტენ ფუნქციონირებას მომსახურების რეჟიმში, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ეს დაწესებულება, მათ, ვისაც ექნება სურვილი, გააგრძელებს ფუნქციონირებას მიტანის, ან გატანის რეჟიმში. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ასევე საქართველოს მასშტაბით შეჩერდება ფიტნეს კლუბების, საცურაო აუზების საქმიანობა, ისევე, როგორც ყველა კონფერენცია, ტრენინგი, ან მსგავსი ტიპის შეკრება გადავა დისტანციურ რეჟიმზე.

შეზღუდვების პირველი ეტაპის განმავლობაში, მაყურებლის თანდასწრებით ვერ გაიმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე გვაქვს, როგორც მოგეხსენებათ, გამოცხადებული შეზღუდვები საქართველოს 8 ქალაქში – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, თელავი ზუგდიდი და გარდა ამისა, სათხილამურო კურორტები – ბაკურიანი, გუდაური, მესტია და გოდერძი. ამ ქალაქების ტერიტორიაზე, დამატებით, ასევე გააჩერებს ფუნქციონირებას მუნიციპალური ტრანსპორტი და გარდა ამისა, ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო ობიექტებისა, აფთიაქებისა, ვეტერინარული საქონლის, აგრო-სასურსათო საქონლის მიწოდების სერვისებისა, სხვა მაღაზიები, სავაჭრო სექტორი, ასევე გადავა   დისტანციურ რეჟიმზე.

გარდა ამისა, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აგრარული ბაზრები გააგრძელებენ ფუნქციონირებას და აქვე განვმარტავთ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და სხვა ასეთი აუცილებელი მაღაზიები, ისევე, როგორც ბენზინგასამართი სადგურები, პროფილაქტიკები, საერთოდ სხვა სახის ბიზნესი, ის საქმიანობა, რომელიც არის აუცილებელი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის, აგრძელებს ფუნქციონირებას.

ასევე შეგახსენებთ, რომ შეზღუდვა ვრცელდება ღია და დახურული ტიპის ბაზრობებზე და ყველა ეს სავაჭრო ობიექტი გადადის მიწოდების დისტანციურ რეჟიმზე, რომელიც გულისხმობს, როგორც საქონლის მიწოდებას, ასევე საწყობიდან გატანას. აკრძალულია, უშუალოდ, სავაჭრო სივრცეში მომხმარებლების მომსახურება.

გარდა ამისა, სათხილამურო კურორტებზე, სასტუმროები იფუნქციონირებენ მხოლოდ კოვიდ-საკარანტინო სივრცეებად, ან კოვიდ-სასტუმროებად და გარდა ამისა, აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს დანარჩენ  ტერიტორიაზე სასტუმროები იმუშავებენ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მათი რესტორნები მოემსახურებიან მათ დამსვენებლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იმ კონკრეტულ სასტუმროში ჩერდებიან. სხვა გარეშე პირებს არ ექნებათ წვდომა იმ სარესტორნო მომსახურებაზე, რომელიც იქნება სასტუმროებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ეს არის ძირითადი შეზღუდვები, პირველ ეტაპზე და რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ კითხვა-პასუხები, ჩვენ ვაგროვებთ კიდევ დამატებით კითხვებს, რომლებიც შემოდის ჩვენს ცხელ ხაზებზე და დამატებით კიდევ გამოვაქვეყნებთ იმ პასუხებს, რომელსაც დავინახავთ ხშირად დასმული კითხვების შედეგად.  ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები