ვინც სამსახური დაკარგა, 200 ლარიან დახმარებას მიიღებს

  •  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური და მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით მიიღებს დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.

„მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება და საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება და შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის ეფექტი გადანაწილებულია ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესა და სოციალური ჯგუფების უმრავლესობაზე, ამიტომ ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის, დაიფარება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა ამისა, სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა, რომელმაც პირველი ტალღის დროს ძალიან კარგად იმუშავა – ფორმალურად დასაქმებული პირებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ჯამურად 1 200 ლარის გაცემა 6 თვის განმავლობაში, 1-ლი იანვრიდან თავიდან დაიწყება და დამატებით 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური, მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით მიიღებს სახელმწიფოსგან დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. პირველი ტალღის პირობებში ამ დახმარებით ისარგებლა 125 000-მა ადამიანმა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამჯერადაც დაახლოებით იგივე რიცხვი იქნება“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

მსგავსი თემები