„სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგები უფრო მეტს წყვეტენ, ვიდრე კომპეტენტური ადამიანები“ – ბიზნესმენებთან შეხვედრა დასრულდა

მთავრობის კანცელარიაში ბიზნესმენებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც პრემერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესმენები აცხადებენ, ნახევარი საათით გაჩერებაც კი ბიზნესისთვის „ლოკდაუნია,“ რაც დამღუპველი იქნება.

„გადაწყვეტილებები დღეს არ მიგვიღია. განხილული იყო ის ვითარება, რაც კოვიდსიტუაციას წარმოადგენს ქვეყანაში, ასევე ბიზნესის მდგომარეობა.  იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რა შეიძლება იყოს ყველაზე ცუდ ვარიანტში, რა შეიძლება მოხდეს კარგ ვარიანტში გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. გადაწყვეტილებები ხვალ იქნება მთავრობის მიერ გაჟღერებული. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ სარესტორნო სფეროს ნებისმიერი შეზღუდვა წარმოადგენს სრულ „ლოკდაუნს.“  არსებული მდგომარეობის შენარჩუნება მისაღებია იმ შემთხვევიდან გამომდინარე, რომ დღეს ვინც ცოცხლობს და შესაძლებლობა აქვს ოპერირებდეს, ოპერირების სიტუაციაშია. ნახევარი საათითაც რომ შეგვზღუდონ, ეს „ლოკდაუნია“. დღეს, საქართველოში, სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგები უფრო მეტს წყვეტენ, ვიდრე კომპეტენტური ადამიანები,  რომლებსაც უფრო მეტი შეუძლიათ გააკეთონ ქვეყნისთვის“, – განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთავრობამ ხვალ უნდა გამოაცხადოს.  

მსგავსი თემები