ბახმარომდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა აკრძალულია

  •  

კურორტ ბახმარომდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა 5 დღეა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მიმდინარე წლის 18 ნოემბრიდან.

მათივე ცნობით, გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვა, გასული წლების მსგავსად, სეზონურად მოქმედებს და აკრძალვა გაუქმდება გაზაფხულზე, ამინდის ცვალებადობის მიხედვით.

„ მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებით გავრცელდა 18 ნოემბერს და გზის შესაბამის მონაკვეთზეც დამონტაჟებულია აკრძალვის ნიშანი და ბარიერები, ადგილი აქვს დამსვენებელთა მხრიდან წესების დარღვევას და გზის დაკეტილ მონაკვეთზე თვითნებურად გადასვლას. ამჟამად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია გზის გაწმენდა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბახმაროს ტერიტორიაზე შევიდნენ. გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსვენებლებს და ტურისტებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით გაითვალისწინონ გზებზე დაწესებული შეზღუდვები და დაემორჩილონ აკრძალვას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები