„როგორც კი წითელ ხაზს გადაკვეთენ“… მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაყენებული წინადადება და ულტიმატუმის ერთმანეთისგან გარჩევა უჭირს. როგორც მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, ამ შემთხვევაში დიალოგი ვერ შედგება.    

„თუ მათი რიტორიკა ისევ იქნება ისეთი რადიკალური, როგორც აქამდე იყო, ბუნებრივია, კომპრომისზე საუბარი ზედმეტია“ – აცხადებს მდინარაძე.

მისი შეფასებით, როგორც კი დღის წესრიგიდან ულტიმატუმის თემა მოიხსნება, მმართველო გუნდის მხრიდან შემხვედრი წინადადებებიც გაჩნდება.

„ყველა კარგად ხედავს, რომ „ფასილიტატორი“ ელჩები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკების მესამე ეტაპი უკვე იყოს შედეგიანი. ჩვენ ვხედავთ მათ შესაბამის მოქმედებებს, ისინი უკვე ცალ-ცალკე ხვდებიან პარტიების წარმომადგენლებს. მგონი, ყველასთვის ცხადია ამ შეხვედრებიდან გამოსული პოლიტიკოსების განცხადებების პათოსი. ვფიქრობ, რომ ისინიც კომპრომისულ წინადადებებზე იფიქრებენ, იმსჯელებენ და პარლამენტში შემოვლენ… როგორც კი წითელ ხაზს გადაკვეთენ, ამ შემთხვევაში, პოზიტიური გაგებით, ბუნებრივია, შემხვედრი წინადადებებიც იქნება ჩვენი მხრიდან, თუ ისინი იფიქრებენ და თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებას ასახავენ ამ ულტიმატუმის ჩახსნაში, ამ შემთხვევაში, უკვე ყველა ვხვდებით, რომ შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები