ახალი სასწავლო წლიდან იცვლება გაკვეთილების ხანგრძლივობა და მოსწავლეთა შეფასების სისტემა  

პირველ კლასში, გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ მასწავლებელი ვალდებული იქნება ბავშვები ფიზიკური აქტივობით დატვირთოს. ახალი სასწავლო წლიდან ცვლილებები შეეხება გაკვეთილების ხანგრძლივობას, შეფასებების სისტემას და უცხო ენების შერჩევას. მეხუთე კლასამდე ნიშნები უქმდება, ხოლო პირველ და მეორე კლასში გაკვეთილების ხანგრძლივობა მცირდება.

​როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარებას დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩიქობავა აცხადებს, სკოლებში ქართული ენის გრამატიკის გაკვეთილები, მე-5, მე-6 კლასებში ცალკე ჩატარდება და მასწავლებლის გადასაწყვეტი იქნება რამდენ საათს დაუთმობს ენის გაკვეთილს.

​მარიამ ჩიქობავას თქმით, ასეთი თხოვნა თვითონ მასწავლებლებისგან მოდიოდა, რომ ცალკე ჩაეტარებინათ ენის გაკვეთილები.

“აქამდე ქართული ენა და ლიტერატურა გვქონდა და ცალკე ენის კომპონენტი გამოყოფილი არ იყო. მასწავლებლის გადასაწყვეტია, რამდენ საათს დაუთმობს ენის გაკვეთილს, მაგრამ ენის გრამატიკული ასპექტი აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი. მაგალითად, კვირაში თუ 5 საათია ენასა და ლიტერატურაზე გამოყოფილი, აქედან მასწავლებელმა თვითონ უნდა განსაზღვროს რამდენი საათი იქნება ენის გაკვეთილი. შესაძლებელია ინტეგრირებული იყოს ლიტერატურის გაკვეთილთანაც, თუმცა, შესაძლებელია ცალკე საათიც დაუთმოს, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს“, – განაცხადა ჩიქობავამ.

ასევე ცნობილია, რომ განათლების სამინისტრო ელექტრონული ჟურნალის ფორმირებას და მის გამარტივებას გეგმავს. ჩიქობავას თქმით, გარკვეული ვერსია უკვე მომზადებულია.

სიახლე იქნება ზოგიერთ სკოლებში დამრიგებლებთან დაკავშირებითაც. შესაძლოა, ზოგიერთ სკოლაში ორ კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავდეს.

მსგავსი თემები