მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს  

მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი შალვა კერესელიძე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებული მდგომარეობისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. პირველ ეტაპზე შეხვედრები გაიმართა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის ადმინისტრაციული ერთეულების მუხრანის, მჭადიჯვრის, ჟებოტა-თიანეთისა და სიმონიაანთხევის მოსახლეობასთან. ისაუბრეს შესრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

გუბერნატორმა მოსახლეობას საკუთარი გეგმები გააცნო და რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოყო. მათ შორის, ისაუბრა პროფესიული განათლების პროგრამების დანერგვის აუცილებლობაზე, რაც დამატებითი სტიმული იქნება რეგიონის მოსახლეობისთვის, დარჩნენ ან დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს.

შალვა კერესელიძემ კიდევ ერთ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული განვითარება დაასახელა, რომელიც აუცილებელი პირობაა, როგორც მოსახლეობის ღირსეული ცხოვრებისთვის, ასევე ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად.

სოფლის მეურნეობის განვითარება და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროგრამების ხელშეწყობა მხარის ახალი გუბერნატორის სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

„ხალხთან უშუალო კომუნიკაცია საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ მოსახლეობასთან შეხვდრები. ეს დაგვეხმარება სწორად გავწეროთ სამოქმედო პრიორიტეტები, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად უნდა აისახოს ჩვენი რეგიონის მცხოვრებლების კეთილდღეობაზე“ – განაცხადა ახალმა გუბერნატორმა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი თემები