ქვეყნიდან გასატანად გამზადებული ექსპონატების უნიკალური გამოფენა თბილისში

ეროვნულ სასახლეში უნიკალური გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია უნიკალური ქართული კინო და ისტორიული კოსტუმები, ოქრომკედით შესრულებული მათი ნაქარგობა, ლეონარდო დავინჩის სკოლის ნამუშევარი, ევროპული პეიზაჟები და მარინისტული ტილოები, თეთრ პერგამენტზე შესრულებული რაინდთა ტურნირების სცენებით გაფორმებული ფოტოალბომი, აღათი დადიანის ვერცხლის სასმისი, რაჭის ერისთავების ყაბალახი, ზაქარია ჭიჭინაძის წერილები, სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის მარაო, მეფე ვახტანგ VI ის კაბა (ფილმიდან “დავით გურამიშვილი”) მამაკაცის კაბა, მოხატული ხავერდი (ფილმიდან “გიორგი სააკაძე”) და სხვა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, უპრეცედენტო პროექტი „ეროვნული სალაროს“ საფუძველზე, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი ხელოვნების სასახლეს ერთი წლის განმავლობაში ეხმარებოდა შეეძინა და რესტავრაცია ჩაეტარებინა ხელოვნების ნიმუშებისთვის, რომლებიც მუზეუმის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა შეარჩიეს.

მათივე თქმით, ნივთების უმრავლესობა ქვეყნიდან გასატანად იყო გამზადებული და ფონდის დახმარებით საქართველოს ეროვნული საგანძურის ნაწილი გახდა.

პროექტის სახელწოდება ილია ჭავჭავაძის მიერ, 1874 წელს თბილისში სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებას და ბანკის ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელებულ პროცესებს უკავშირდება.

გამოფენა დღეს, 28 აგვისტოს გაიხსნა და 2 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები