“დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ” – გიორგი გახარია

  •  

“დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად,”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან დამატებითი ღირებულების გადასახადის ავტომატური დაბრუნების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რეფორმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე.

„კოვიდ 19-თან ბრძოლასთან ერთად გვაქვს უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა – ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. ჩვენ პირველივე ტალღის დაწყებისთანავე დავიწყეთ ისეთ სერიოზულ რეფორმაზე მუშაობა, როგორიც არის დღგ-ის ავტომატური დაბრუნება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერცერთ პერიოდში ვერ განახორციელა. დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად, რაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს ბიზნესის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელი კრიზისის პირობებში“,- განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები