“დამირეკა ბუშმა, ჩამიხუტა, მომილოცა, ჩამოვიდა” – სააკაშვილი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს ეხმაურება

“2003 წელს ელჩი რიჩარდ მაილსი მუდმივად მეუბნებოდა, მეორე ადგილს დავთანხმებოდი. არ დავთანხმდი, გავიმარჯვე, რის შემდეგაც ჯორჯ ბუშმა დამირეკა, მომილოცა და ჩამიხუტა,” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

ამით სააკაშვილი გამოეხმაურა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს ოპოზიციისადმი, რომ პარლამენტში შევიდნენ.

„2003 წელს საქართველოში იყო ასეთი ელჩი, რიჩარდ მაილსი, რომელიც თავის რეზიდენციაში მოლაპარაკების რაუნდს აწარმოებდა ჩემსა და ჯორბენაძეს შორის და მუდმივად მეუბნებოდა, დათანხმდით მეორე ადგილს, თუმცა ჩვენ მყარი პირველი ადგილი გვქონდა. ბოლოს გვეუბნებოდა: დათანხმდით მესამე ადგილს იმიტომ, რომ არ გვინდა არეულობა რაღაცაზე უნდა შეთანხმდეთ, ჩვენი ინტერესია თქვენ შეხვიდეთ პარლამენტში და იქ იბრძოლოთ. მერე დავთანხმდი? რომ არ დავთანხმდი და გავიმარჯვე, მერე დამირეკა ბუშმა, ჩამიხუტა, მომილოცა, ჩამოვიდა. ჩემს ინაუგურაციაზე კოლინ პაუელი ჩამოვიდა, ათასჯერ მიმიღეს ტრიუმფით და ა.შ. ასე ხდება, როდესაც შენი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძვი.

ეს არის ჩვენი ქვეყანა, ვერავინ ვერ გვაიძულებს და მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენი თავისუფლების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ახლა დასაკარგი დრო გვაქვს, რომ ვიღაც შევიდეს გაყალბებულ პარლამენტში, დაჯდეს, იცოდვილოს და ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი თემები