“სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილია, სასწრაფოდ მოინახოს კომპრომისი საქართველოში” – გრიგოლ ვაშაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ოპოზიციამ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები მიაწოდა. 

“ჩემი 45 წლის გამოცდილებით გეუბნებით, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს არ ნიშნავს, როგორც წესი, ისინი არიან რუსეთის გავლენის აგენტები. ნიშნავს, რადგან აშშ-ს პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ორპარტიული. ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და არ გაყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, ისევე, როგორც ევროკავშირს, შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება ჩვენ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეთა დახმარება, რომ გამოსავალი მოვნახოთ. ყურადღებით მოისმინეს, რაც ჩვენ ვუთხარით: ფაქტებით დარღვევებზე, გაყალბებაზე, ფაქტებით იმაზე, რა უმსგავსოდ იქცეოდნენ საუბნო და საოლქო კომისიები, როდესაც პირდაპირ ხელით დაიწყეს გადაწერა ოქმები და ჩვენი მოსაზრებები, რა უნდა იყოს გამოსავალი ამ კრიზისიდან.

სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი იყო ის, რომ გამომდინარე რთული ეკონომიკური, სოციალური ვითარებიდან, რეგიონში რთული მდგომარეობიდან, სასწრაფოდ საჭიროა საქართველოში კომპრომისის მონახვა. ჩვენს უკან დგას უამრავი ათასი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ითხოვს სამართლიანობის აღდგენას,”-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

მსგავსი თემები