“ვლინდება, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკოსებს გარკვეული მზაობა აქვთ” – ირაკლი კობახიძე

“საჯაროდაც ვლინდება, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკოსებს გარკვეული მზაობა აქვთ,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება შეაფასა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „საქართველოში პოლიტიკური აქტორები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და ახალი პარლამენტის მუშაობაში ჩაერთონ“.

ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ ძლიერია სააკაშვილის გავლენა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, თუმცა ის ამ კონტროლს მალე დაკარგავს.

„ეს არის მათი დამოკიდებულების გამოვლინება ჩვენის საერთაშორისო, დასავლელი პარტნიორების მიმართ, თუმცა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი პოზიციას შეიცვლიან და ამ ოპტიმიზმის, კონკრეტული, მყარი საფუძველიც გვაქვს. ჩვენ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ისინი შეუერთდებიან საპარლამენტო პროცესს და მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებში, რისი საშუალებაც მათ კიდევ უფრო ძლიერად მიანიჭა იმ ახალმა საარჩევნო სისტემამ, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დავნერგეთ. ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, მათ შორის საჯაროდაც ვლინდება, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკოსებს გარკვეული მზაობა აქვთ. ეს პროცესი გაღრმავდება. ჩვენ ვთქვით, რომ არის გარკვეული პროცესები ოპოზიციის შიგნით. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძლიერია სააკაშვილის გავლენა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილისგან კონკრეტული პარტიები და პოლიტიკოსები დამოუკიდებლობას მოიპოვებენ. სააკაშვილს აქვს ორი ძლიერი რესურსი, ეს არის ხალხისგან მოპარული ფული და მედიარესურსი, რომელიც ამავე ფულს უკავშირდება. ამით ის ახერხებს ოპოზიციაზე გარკვეული კონტროლის შენარჩუნებას, თუმცა, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ის საბოოლო ჯამში, მთელ რიგ ოპოზიციურ პარტიებზე კონტროლს დაკარგავს“,-განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები