“მეორე ტურზე მისვლა იქნება ილიას შუბლში ტყვიის სროლა” – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, შალვა ნათელაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურის დღეს სახლში დარჩნენ და არ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრის პროცესში, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ.

ნათელაშვილი მიმართავს „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც, არჩევნების მეორე ტურზე, საარჩევნო უბნებზე არ მივიდნენ.

„მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას ე.წ. მეორე ტურიდან, რომელიც კვირას უნდა ჩატარდეს ნაძალადევის რაიონში. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს ნაძალადეველებს ასეთი აქტიური, მასობრივი მხარდაჭერისთვის და განვუცხადო, რომ, როგორც დავპირდი, მე კვლავ ვიქნები მათი ოჯახის წევრი, დავრჩები ასეთად, მათი დეპუტატი ვიქნები, მათ გვერდით ვიქნები და ჩვენ ერთად მივაღწევთ სამართლიან, დემოკრატიულ, ადამიანურ არჩევნებს, სადაც ივანიშვილისნაირი აგენტები ვეღარ გაბედავენ გაყალბებას, ძალადობას, კრიმინალების, ნარკომანების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, რითაც ეს არსება ცდილობს, კვლავ მიითვისოს სახელმწიფო ძალაუფლება, რაც არ უნდა დავუშვათ.

მინდა, მოვუწოდო მთელ საქართველოს, კვირას როდესაც ე.წ. მეორე ტური უნდა ჩატარდეს, სადაც ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას და რჩებიან მარტო ქოცხროვის კანდიდატები, არავინ გადგათ სახლიდან ფეხი. მათ შორის „ოცნების“ მომხრეებს მოვუწოდებ, მეგობრებო, დარჩით სახლში კვირას, ნუ გაივლით ბერბიჭაშვილის გზას, ნუ გაივლით შადიმანის გზას, ნუ გაივლით წიწამურის გზას, თქვენი მისვლა იმ უბანზე იქნება ილიას შუბლში ტყვიის სროლა.

არ დაიღალეთ? არ გეყოთ? დაოკდით, გაჩერდით, დაივიწყეთ ერთი წამი თანამდებობა, ხელფასი, პრემია, გრანტი, ტენდერი, მილიონები, ხახვი, კარტოფილი, ნიორი, იფიქრეთ, ხვალ თქვენი შვილები, შვილიშვილებო რა ქვეყანაში იცხოვრებენ, სად ექნებათ მომავალი, სად აიღებენ ღირსეულ ხელფასს, პენსიას, სად მიიღებენ განათლებას, სად იმკურნალებენ – ვერსად, თუ ეს ხელისუფლება დარჩა და თუ ეს ასე გაგრძელდა, ხოლო თქვენი შეჭმული ის კარტოფილი, ხახვი და ის ხელფასი შეურთდება კანალიზაციას და ისტორიას არაფერი არ დარჩება, დარჩით სახლში და დაოკდით. აი, მე თქვენს თვალწინ ხელს ვაწერ განცხადებას ჩემი კანდიდატურის ბიულეტენიდან ამოღების შესახებ. აი, მთელი საქართველოს თვალწინ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები