წინასაარჩევნო კამპანია იწყება – რა ეკრძალებათ სახელმწიფო მოხელეებსა და პოლიტიკოსებს

​სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებზე ხვალიდან, იკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. 29 ოქტომბრიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება და შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მედიისთვის, “საარჩევნო კოდექსით” დადგენილი წესები, სტანდარტები და შეზღუდვები ამოქმედდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ცესკო-ში განუმარტეს, არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია პენსიის, სოციალური დახმარების, შემწეობისა და სოციალური გასაცემლების ოდენობის ზრდა და ისეთი პროექტების, თუ პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე ბიუჯეტით გათვალისწინებული არ იყო. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ საარჩევნო კომისიის წევრებს,  მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურეობრივ ფუნქციას – პროკურატურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებს. აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, სასამართლოებსა და სამხედრო ნაწილებში.

ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების, საჯარო დებატების და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებაში და უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ხუთი დღის ვადაში იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა უნდა შეადგინონ, სადაც შესაძლებელია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება და გადასცენ ის საოლქო საარჩევნო კომისიას. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში, უზრუნველყოს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისთვის და მათთან შეთანხმებით შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგი.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მომენტიდან, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები და პრეზიდენტობის კანდიდატები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და თანაბარი ვალდებულებები ეკისრებათ. მათ უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალა და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციისთვის მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.

წინასაარჩევნო აგიტაცია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე უნდა დაიწყოს. 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. 2018 წლის არჩევნები ბოლო არჩევნებია, როცა ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური ეყოლება.

 

მსგავსი თემები