დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობას „ქართული ოცნების“ არჩევანის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

  •  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობას მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცენ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს, რადგან სხვა შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ ქვეყანას ოპოზიციონერი პრეზიდენტი ჰყავდეს, ეს კი დეპუტატის აზრით, არასტაბილურობას დაუდებს საფუძველს.

„საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ცნობილია მოსახლეობისთვის  და დღესაც  გავიმეორებ, რომ უმჯობესი იქნებოდა „ქართულ ოცნებას“ ჰყოლოდა საკუთარი კანდიდატი, მაგრამ ამასთანავე გუნდის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. სულ რამდენიმე დღეში ჩვენი პარტია ღიად განაცხადებს ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატის მხარაჭერის შესახებ. მსურს მოვუწოდო საზოგადოებას, კარგად დაფიქრდნენ, გაიაზრონ მოსალოდნელი შედეგები,  რეალური საფრთხეები და ამის მიხედვით გააკეთონ სწორი არჩევანი. არ მოხდეს ისე, რომ მივიღოთ ოპოზიციონერი პრეზიდენტი, რაც ყველა შემთხვევაში, არასტაბილურობის გარანტი იქნება საქართველოში.

ოპოზიციისთვის საპრეზიდენტო მანდატის დათმობა მისაღები იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანას ეყოლებოდა კონსტრუქციული ოპოზიცია, რაც დღეს არა გვყავს.  დღეს ოპოზიციის უდიდესი ნაწილი სიძულვილის ენით საუბრობს, არ შეწევთ უნარი  ფაქტებზე დაყრდნობილი არგუმენტირებული კამათის, ხალხზე მანიპულირებისთვის იგონებენ ცრუ ისტორიებს და შეურაცხყოფას აყენებენ პიროვნებებს. ასეთ შემთხვევაში, ყოვლად დაუშვებელია, ქვეყანას ჰყავდეს ოპოზიციონერი პრეზიდენტი, რომლის მიზანიც  არა ქვეყნის, არამედ, საკუთარი პარტიის  კეთილდღეობა  იქნება.

სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, სწორად შეაფასონ მოსალოდნელი საფრთხეები და ხმა მისცენ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს. ეს იქნება საუკეთესო არჩევანი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები