მინისტრი მოქალაქეებს სთხოვს, გადაწყვეტილების უფლება თეთრხალათიანებს მიანდონ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს, მედპერსონალს დაემორჩილონ და მათ მითითებებს მიყვნენ. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველამ, თეთრხალათიანებს უნდა დაუტოვოს გადაწყვეტილების მიღების უფლება.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩივილები, პირველ რიგში ოჯახის ექიმებმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა შეისწავლონ. როდესაც ჩვენ ამ ფორმატში ვაჟღერებთ გარკვეულ ჩივილებს, შემდეგ არის რიგი შემთხვევები, როდესაც არამიზნობრივი გამოძახებები ხდება, ვინაიდან მოქალაქეებმა იციან, რა შემთხვევაში შეიძლება მათი საავადმყოფოებში გადაყვანა. ძალიან გთხოვთ, თეთრხალათიანებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უფლება დავუტოვოთ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკვე ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, კლინიკებს „კოვიდ 19“-ის მართვაში ჩართული მედპერსონალისთვის გაზრდილი ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება აქვთ.

„დავთვალეთ პერსონალის საბაზრო ანაზღაურება საათობრივ ჭრილში, რომელიც შეეხებოდა არა მხოლოდ ექიმებს, არამედ ექთნებს და დამხმარე პერსონალსაც. შესაბამისად, ყველა კლინიკა ვალდებულია, რომ დადგენილებით გაწერილი ტარიფით აანაზღაუროს მათი ხელფასები. დადგენილება ამოქმედებულია“ – აღნიშნა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები