“განიხილება სხვადასხვა ადაპტირებული სივრცის მობილიზება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანის მასშტაბით სტაციონარებში კიდევ 3 000-მდე საწოლის მობილიზებაა შესაძლებელი, თუმცა ამავე დროს მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა სივრცის მობილიზებაზე.

გამყრელიძე ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„დღეს სტაციონარებში წევს დაახლოებით 5 000-მდე პაციენტი, აქტიური ინფიცირების დაახლოებით 30 პროცენტი. მობილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯებია, რომ როგორც სამინისტროს მიერ ვიცი, საავადმყოფოებში დაგეგმილია, მობილიზაცია გაკეთდეს დაახლოებით 8 000-დან 8 500 საწოლამდე, ანუ ჯერ კიდევ 3 000-მდე საწოლის მობილიზაცია შესაძლებელია. ამავე დროს, მიმდინარეობს განხილვა სხვადასხვა სივრცის მობილიზებაზე, თუ საჭიროება დადგა, ეს საკითხები განიხილება, ჯერ გადაწყვეტილება არ არის. ჯერჯერობით ქვეყანაში შესაძლებელია კოვიდისთვის 3 000 საწოლის მობილიზება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, სივრცე შეიძლება იყოს თუ არა სპორტის სასახლე, გამყრელიძე პასუხობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საუბარია ადაპტირებულ სივრცეებზე.

„სპორტის სასახლის გარდა, ბევრი სივრცე შეიძლება იქნას. სივრცეებში შეიძლება, ბევრი რამ იქნას განხილული. რატომ მაინც და მაინც სპორტის სასახლე? თუ ეს დასჭირდა ქვეყანას, საუბარია ადაპტირებულ სივრცეებზე, რატომ არ შეიძლება მაგალითად, ჩვენი საგამოფენო, ან სამხედრო სივრცეები. ამ დროს ყველაფერი განიხილება, მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყანას კიდევ შეუძლია კოვიდისთვის დამატებით 3000 საწოლის მობილიზება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები