„მათთვის მოსაწონი შედეგი დიდხანს არ დადგება, უნდა შევიდნენ პარლამენტში“ – სიმონ ნოზაძე

მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის საუკეთესო გამოსავალი პარლამენტში შესვლა და მიღებული მანდატების გამოყენებაა.

„ის, რაც ახლა ქუჩაში ოპოზიციის მხრიდან ხდება, კონტრპროდუქტიულია და არავითარი შედეგების მომტანი არ იქნება.  მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. შესაძლოა, იყო ხარვეზები, თუმცა ეს ცალკეულ უბნებზე გამოუცდელი კომისიის წევრების შეცდომების ბრალი იყო, ვიდრე შეგნებულად დაშვებული შეცდომები. რომც აღმოაჩინონ ასეთი შეცდომები, არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს“ – განაცხადა ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, ხელახალი არჩევნები ვერ შედგება და ამას საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას ვერ ექნება.

„სხვა ალტერნატივა,  გარდა იმისა, რომ ოპოზიცია  უნდა შევიდეს პარლამენტში და იქიდან პოლიტიკური მეთოდებით გააგრძელოს ბრძოლა, არ გააჩნიათ. ამიტომ, თუ გაითვალისწინებენ, აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში. 60 დეპუტატი ეყოლებათ, ახალმა კონსტიტუციამ მისცათ უზარმაზარი უფლებები, შეუძლიათ, საგამოძიებო კომისიის შექმნა და ასე შემდეგ. მათთვის მოსაწონი შედეგი დიდხანს არ დადგება.  ხელახალ არჩევნებს საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. არ მგონია, რომელიმე ელჩმა ან საერთაშორისო ორგანიზაციამ დასტური მისცეს იმაზე, რომ განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს. იქ, სადაც დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდა, სახელმწიფო მდივანი არც ჩავიდოდა. ამ პროტესტს არავითარი შედეგი არ ექნება“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.      

მსგავსი თემები