„ყველანი უნდა ვიყოთ გარეთ“ – „თავისუფალი დემოკრატები“

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას „თავისუფალი დემოკრატებიც“ უერთდებიან. როგორც პარტიის თავმჯდომარე თამარ კეკენაძე აცხადებს, დრეს ის დღეა, როცა ყველა გარეთ უნდა იყოს.

„თავისუფალი დემოკრატები“ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ საპროტესტო პროცესში მონაწილეობას. სამწუხაროდ, ქართული ოცნება ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, რა განწყობაა ხალხში. არ უნდათ, იმის დანახვა და აღიარება, რომ ჩვენი მოქალაქეები აღარ აპირებენ აიტანონ და შეეგუონ გაყალბებულ არჩევნებს. ჩვენი, ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობაა, ყველასთან საუბრით, იქნება ეს აქციების მეშვეობით თუ პირადი კომუნიკაციით, ყველამ ერთად გავიაზროთ, თუ გვინდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში, დღეს ყველანი უნდა ვიყოთ გარეთ, ამაზე მნიშვნელოვან საქმეს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებთ ვერც ჩვენი თავებისთვის და ვერც ქვეყნისთვის.

ქართული ოცნების დამოკიდებულება ამომრჩევლის მიმართ კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინ, როდესაც ცესკომ ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა, ისე შეაჯამა პირველი ტური. რა თქმა უნდა, არავის არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ცესკო სხვანაირად მოიქცეოდა, თუმცა ოპოზიცია პირველივე დღიდანვე ყველა მშვიდობიან და სამართლებრივ გზას იყენებს, იმისათვის რომ არსებული რეალობა მკაფიოდ აღქმადი იყოს როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე საერთაშორისო პარტნიორებისთვის“ – აცხადებს თამარ კეკენაძე.  

მსგავსი თემები