უმრავლესობა აცხადებს, რომ დიალოგი გრძელდება, ოპოზიცია კი ხელახალი არჩევნების მოლოდინშია

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მორიგი შეხვედრა დასრულდა. მმართველი გუნდი აცხადებს რომ დიალოგი გრძელდება და მეათე მოწვევის პარლამენტშიც გაგრძელდება, ოპოზიციას კი მხოლოდ ერთადერთი მოთხოვნა აქვს – ხელახალი არჩევნები.

შეხვედრიდან გამოსული პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დიალოგი გრძელდება.

„მოლაპარაკებები გრძელდება. საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია.  მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ დავაახლოვოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

რაც შეეხება ოპოზიციას, მთავარ მოთხოვნას – ხელახალი არჩევნების ჩატარებას არ ცვლიან.

„მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები. არ არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომელიც მიგვიყვანს იმ შედეგებამდე, რომელიც 31 ოქტომბერს გამოხატულ ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას ასახავს. ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მერე შეიძლება დაშენდეს სხვა საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ა.შ. მთავარი საკითხი არის ხელახალი არჩევნების საკითხი“, – განაცხადა ელჩის რეზიდენციიდან გამოსულმა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები