ამერიკის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა, ამ ეტაპისთვის, უშედეგოა  

ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მეორედ შეიკრიბნენ, თუმცა, ჯერჯერობით, დიალოგს შედეგი არ აქვს. როგორც შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, ხმების ხელახლა გადათვლის საკითხი დახურულია.

„ყველა მხარე შეთანხმდა, რომ დახურულია ყოველგვარი საუბარი ხმების გადათვლაზე, სხვადასხვა მექანიზმზე, რაზეც იყო საუბარი „ქართული ოცნების“ მხრიდან.  შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შეხვედრის შემდეგი „რაუნდი“, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე. ოპოზიციას ეს მოლოდინი გვაქვს, იმიტომ, რომ ვთქვით, რომ ამის გარეშე სხვა საკითხების გადათვლას აზრი არ აქვს“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ისინი არჩევნების მეორე ტურისთვის არ ემზადებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას.  

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე კი აცხადებს რომ შესათანხმებელია მხოლოდ ხელახალი არჩევნების თარიღი.

„ჯერჯერობით კონკრეტულ შედეგზე საუბარი ნაადრევია. უნდა გვესმოდეს, რომ მხარეთა პოზიციებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

ცესკოს გუშინდელი გადაწყვეტილება იყო ფაქტორი, რომელმაც ძალიან დაავიწროვა ჩვენი მოლაპარაკების თემა და შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი – ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩვენების შესახებ. ჯერჯერობით, პოზიციები ერთმანეთისგან დაშორებულია, მხარეები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი და პროცესი გაგრძელდება და ამ დიალოგის ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ ძალიან დაშორებული პოზიციებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ იმ კომპრომისამდე, რომელიც საჭიროა ამ ქვეყანაში სტაბილურობისთვის“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.  

მსგავსი თემები