„ვგმობთ 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში“ – სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოპს ვიზიტზე

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა. როგორც სახელმწიფო დეპარტამეტში აღნიშნავენ, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი გამოყენებული იქნება  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პროცესში.

„კიდევ ერთხელ, ცალსახად აღვნიშნავთ, რომ ვგმობთ 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ… ერთგულნი ვრჩებით, დავეხმაროთ საქართველოს, გააღრმავოს მისი ევრო-ატლანტიკური კავშირები, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, დაახლოებით 16 საპარლამენტო მანდატისთვის, 21 ნოემბერს ჩატარდება. რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ქართველი ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს”, – განაცხადეს  ოფიციალურმა პირმა სახელმწიფო დეპარტამენტში.

ბრიფინგზე ასევე განმარტეს, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და პატრიარქის გარდა,  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოფრინდება. მაიკ პომპეოსთან შეხვედრას ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების ლიდერებიც ითხოვენ.  

მსგავსი თემები