“მოვიდა დრო, როცა აღარ ვიამაყებთ მხოლოდ 1981 წლის 13 მაისით” – რამდენიმე წუთი ისტორიულ მატჩამდე

„დღევანდელ დღეს აქვს შანსი იმის, რომ გახდეს ისტორიული. მოვიდა დრო, როცა აღარ ვიამაყებთ მხოლოდ 1981წლის 13 მაისით,“ – ამბობენ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები.

თბილისის “დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ნაკრებს ქომაგები გამამხნევებელი შეძახილებით და ტაშით დახვდნენ.

ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. გადამწყვეტი შეხვედრის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება:

“უკვე შეგვეძლება 2020 წლის 12 ნოემბრით ვიამაყოთ. დღეს ჩვენი ნაკრები ითამაშებს ფინალს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ჩრდილოეთ მაკედონიასთან. მართალია ამ თამაშში გვაკლია სამი წამყვანი მოთამაშე, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და შენგელია, თუმცა დღეს მთელი საქართველო ვითამაშებთ, ყველა ჩვენთაგანის სული და გული, მთელი ენერგია იქნება მოედანზე და ჩვენ გავიმარჯვებთ. არა იმიტო რო ვინმეს რამე დავუმტკიცოთ, არამედ იმიტომ, რომ ეს დღე გააერთიანებს ბოლო დღეებში დაყოფილ და დაპირისპირებულ ერს, ეს დღე მთლიანად უნდა მივუძღვნათ ჩვენ ქვეყანას, ამ ერთ დღეს ვიქნებით ერთიანი და ერთად აღვნიშნავთ. დღეს უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ ეს გვჭირდება, ჩვენი მოტივაცია ასჯერ დიდია ვიდრე მოწინააღმდეგის,“ – ამბობს ნაკრების ქომაგი, გიორგი გოგოლაძე.

მსგავსი თემები