„ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვართ, ვითხოვთ ახალ არჩევნებს ახალი ადმინისტრაციით“ – შალვა ნათელაშვილი

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში რამდენიმე საათია, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან შეხვედრა გრძელდება. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრება. მოლაპარაკების მაგიდა დატოვა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევლენ.

“როგორც მოსალოდნელი იყო რთულ პოლიტიკურ კრიზისში, რაც წარმოიშვა მასობრივად გაყალბებული არჩევნების შედეგად, რის გამოც ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ამ პროცესთა დარეგულირებაში ჩაერთვნენ ჩვენი მოკავშირეები, მეგობარი სახელმწიფოები. ამ შემთხვევაში, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა,” – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ელჩებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში გადალახეს ბარიერი.

„მოსალოდნელი იყო, რომ მეგობრები არ მიგვატოვებდნენ არც ახლა. ეს ასე იყო წინა პერიოდშიც, როდესაც 8 მარტის მოლაპარაკება დაგვირგვინდა ხელშეკრულებით, რამაც შეცვალა ქვეყნის მართვის პოლიტიკური მოდელი და გადაგვიყვანა საპარლამენტო სისტემაზე. აქ, ამ ეტაპზე, ჯერ ჩართულია ვინც ვითომ გადალახა ბარიერი ის პარტიები, მე დავაყენე საკითხი, რომ ვინც ვერ გადალახა ბარიერი, ისინიც უნდა იყვნენ მოწვეული კონსულტაციებში. შემდეგი შეხვედრაზე ალბათ გაგრძელდება აზრთა გაზიარება. მე ცოტა ადრე გამოვედი ობიექტური მიზეზების გამო. შეხვედრები გაგრძელდება, შემიძლია ვთქვა ორი რამ, იქ მიმდინარე საუბრების დეტალიზაცია, მოლაპარაკების თანახმად, არ მოხდება. შემიძლია სიამაყით აღვნიშნო, რომ ასეთი ერთიანი ქართული ოპოზიცია, როგორიც თუნდა ამ წუთშია, მე არ მინახავს და ვერც წარმოვიდგენდი. ყველა დგას იმ პოზიციაზე, რაზეც ვიდექით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, მისი პოზიციაა, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამ არჩევნების შედეგები ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

ნათელაშვილის განმარტებით, ორ თვეში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციით, რომელიც შეიძლება იყოს დაკომპლექტებული ეუთო-დან ევროკავშირიდან.

„საუბარი გადათვლაზე არ უნდა იყოს. გადათვლა ისე ვეღარ უშველის ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია. ელჩები ვერაფერს დაგვავალებენ, ისინი ახდენენ შუამავლობას და ცდილობენ, რომ მოლაპარაკების მონაწილეთა პოზიციები დაახლოონ ერთმანეთთან და მიიღონ შედეგი, ეს არის მეგობრების პოზიცია. ახლა რა შედეგებით დამთავრდება და კონკრეტულად რა მიზანს მივაღწევთ, ეს ძალიან ძნელია ახლა ვთქვათ. ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, ითხოვს ახალ არჩევნებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები